ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო ერთი პუნქტით ჩამოქვეითდა
Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი სინგაპურს აქვს. სინგაპურის პასპორტით უვიზო მოგზაურობა 195 ქვეყანაშია შესაძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე სუსტი პასპორტი აქვს ავღანეთს, რომლის დოკუმენტითაც მოგზაურობა 26 ქვეყანაში შეიძლება.
Henley Passport Index-ის წინა რეიტინგის მიხედვით, საქართველო ძლიერი პასპორტების რეიტინგში 44-ე ადგილზე იყო, განახლებული რეიტინგის მიხედვით, კი ქვეყანა ერთი პუნქტით დაქვეითდა და 45-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო 45-ე ადგილს მოლდოვასთან იყოფს. მონაცემების თანახმად, საქართველოსა და მოლდოვას პასპორტებით 122 ქვეყანაშია უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს. მას რეიტინგში 46-ე ადგილზე მოსდევს რუსეთი და თურქეთი, რომელთა პასპორტითაც 116 ქვეყანაშია უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი.
რეიტინგში 71-ე ადგილს 71 ქვეყანაში უვიზო მოგზაურობით იკავებს აზერბაიჯანი. მას კი მოსდევს სომხეთი 74-ე ადგილითა და 68 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.
ცნობისთვის, Henley Passport Index-ის რეიტინგი გვიჩვენებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო მოგზაურობა. რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება და მოიცავს 199 პასპორტს და 227 ქვეყანას.