ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზას რეაბილიტაცია უტარდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე, საკურორტო ზონაში გადის.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გზის საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ტროტუარების სანიაღვრე ქსელის) შეკეთება და ახალი ნაგებობების მოწყობა, ასევე მდ. გუჯარულაზე ეწყობა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მოწყობის და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 184 639 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.