როგორია უმუშევარი ადამიანების სტატისტიკა საქართველოში
2024 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31.2 ათასი კაცით (3.3%) და 974.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.9 ათასით გაიზარდა (2.4%) და 432.7 ათასი შეადგინა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 26.4 ათასით (10.5%) და 225.7 ათასი შეადგინა.
"უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.5 პროცენტს და 15.6 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის მე-3 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.2 პროცენტული პუნქტით"- ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.