დიდთოვლობის გამო სამცხე-ჯავახეთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო სამცხე-ჯავახეთის ნაწილს ელექტრო ენერგია 25 ნოემბრის საღამოდან არ მიეწოდება. როგორც "ენერგო-პრო-ჯორჯიაში" tv9news.ge განუცხადეს, ინტენსიური თოვის გამო დაზიანდა სადენები, რის გამოც ახალციხეში, ურაველის ხეობაში, სოფლების ნაწილს, ასევე ასპინძაში ვარძიის მიმდებარედ სოფლებს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"დაზიანების ადგილებზე უკვე გასულები არიან ჩვენი თანამშრომლები და მუშაობენ. ნაწილთან ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა, ნაწილს დღის განმავლობაში აღუდგება დენის მიწოდება"- გვითხრეს "ენერგო-პრო-ჯორჯიაში".
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა სოფლებში მისასვლელ გზებზეც. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, ამ დროისთვის გზები იწმინდება ურავლის ხეობაში, ასევე სოფლების სვირისა და ბოგას მიმართულებით და ელიაწმინდა-ჭვინთა-წყრთის გზაზეც.