თბილისში აქციის მონაწილეებს ისევ არბევენ - დაშავდა კიდევ ერთი ჟურნალისტი
თბილისში, აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.
ტელეკომპანიის ცნობით, მას ფიზიკურად სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა. ასევე, აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.
მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
პარალელურად, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირსა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე კორდონი გააკეთეს. ისმის გაფრთხილება აქციის დაშლის შესახებ.
აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმელების წინ რამდენიმე რიგად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს და საპოლიციო ძალების პირისპირ სწორედ ასე დგანან.