საზოგადოება
ახალციხეში, მეოთხე დღეა აქცია მიმდინარეობს
ახალციხეში, მეოთხე დღეა, საქართველოს დასავლური კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ. ადგილობრივები ყოველდღე იკრიბებიან შოთა რუსთაველის ძეგლთან და გამოხატული პროტესტით სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეებს.
დღევანდელი აქციის პათოსია - ,,სანამ, ჯერ კიდევ შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა, გამოდით! აქამდე, ამბობდნენ ევროპაში მიგვყავს ქვეყანაო, მაგრამ საქმით სხვა რამეს სჩადიოდნენ. ახლა სიტყვითაც გააცხადეს! წლების წინ, ვითომ პატივს სცემდნენ სამოქალაქო სექტორს და ჟურნალისტებს, მაგრამ ე.წ აგენტების კანონით, მათი დისკრედიტაცია გააცხადეს!" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს გამართულ აქციაზე სოლიდარობის გამოსაცხადებლად მედიის, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ,,ამბობენ, რომ მოქალაქეების პროტესტის გამოხატვის უფლება დაცულია, მაგრამ სინამდვილეში, სასტიკად უსწორდებიან, სცემენ და იჭერენ! შორს არ არის ის დრო, ამასაც ღიად რომ გააცხადებენ სიტყვით, თორემ ქმედებას ისედაც ცხადად ვხედავთ!".
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ,,ყველას და ყველაფერს შეეხება ეს ძალა და ცოდოა ეს ქვეყანა! ცოდოები ვართ ჩვენ, ყველა! ვისაც არაფერი უნდა, გარდა თავისუფლებისა და იმისა, რომ საკუთარი შრომით, აშენოს ეს ქვეყანა!". სწორედ ამიტომ, მოუწოდებენ ყველას გარეთ გასვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ.
,,ვიცი, რომ ბევრს შესტკივა გული ახალციხეში და იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ეს აქციაზე ჩანს ხოლმე! აღარ არის ერთმანეთის ყურების და თვალ-ყურის ახვევის დრო! ეს რეალურად ხდება და სანამ დროა, უნდა ავჯანყდეთ!" - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
აქცია ახალციხეში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
![](/images/temp/2024/12/01/ae737c182988c6b9e04052f1e0451461.jpg)
გააზიარეთ :