ახალციხეში პროტესტი გრძელდება, აქცია 18:00 საათზე გაიმართება
ახალციხეში პროტესტი გრძელდება, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მშვიდობიანი მოქალაქეები 18:00 საათზე კვლავ რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და ხელისუფლების არჩეულ კურსს გააპროტესტებენ.
"ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები, ისევ ვიკრიბებით დღეს 18:00 საათზე, ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან.
ჩვენი, თქვენი, ნათელი, ევროპული დაცული და მშვიდი მომავლისთვის და არა ვინმე სხვისთვის.
მიხარია რომ აქციას ყოველდღე უერთდებიან უცხო, საინტერესო ადამიანები, პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ახალციხიდან, ასპინძიდან, ადიგენიდან, ნინოწმინდიდან, მეამაყება თქვენ გვერდში დგომა!"- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორი დღეა გაფიცულები არიან პირველი, მეხუთე და მეექვსე სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეების ნაწილიც, ისინი გაკვეთილებზე შესვლას და სასწავლო პროცესზე დასწრებას არც მომდევნო დღეებში აპირებენ. საპროტესტო აქციას შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ უერთდებიან მასწავლებლების ნაწილიც.