„ჩვენი ხმა გესმით?!“ - ტურიზმის სექტორი ხვალ მსვლელობას გამართავს
„ჩვენი ხმა გესმით?!“, - ამ ლოზუნგით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ხვალ, 17 დეკემბერს საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფისთან 15:00 საათზე გაიმართება, შემდეგ კი რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა.
„საქართველოს ადგილი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია! აპოლიტიკურობა პოლიტიკური მოვლენების, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უარყოფითი ან უგულებელყოფილი დამოკიდებულებაა! თუ თქვენ არ გამოხატავთ თქვენს პოზიციას, ჩათვალეთ რომ ხმას გართმევენ, კონსტიტუციას ცვლიან თავისი ნებით და იწყება სახელმწიფოებრივი რღვევა! ტურიზმი პოლიტიკაა, უმნიშვნელოვანესი სფეროა პოლიტიკისთვის და ვერავინ ვერ უარყოფს ამ რეალობას!“, - წერს ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესი, უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკვე 19 დღეა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტად აპროტესტებენ.