"არ აქვთ პარლამენტის წევრებს უფლება მომავალი დაგვინგრიონ" - ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე დღეს, 26 დეკემბერს სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ გმობს ძალადობას და ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
"ევროპა ჩვენი ქვეყნის ისტორიული გზაა. ამასთან ერთად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა არის" - განაცხადა ბუცხრიკიძემ tv9news.ge-თან საუბარში.
მიხეილ ბუცხრიკიძის თქმით, მისი განცხადების ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს პარლამენტის მიერ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებებიც გახდა. მისი თქმით, ეს ყველაფერი საჯარო სამსახურის გაქრობის და ამ სექტორში რთული მოვლენების დასაწყისია.
"ეს საჯარო სამსახურის გაქრობის და ძალიან რთული მოვლენების დასაწყისია, რაც კიდევ უფრო ჩამოშლის საჯარო სექტორს და გაანადგურებს. არ აქვთ უფლება ტალახაძემ, პეტრიაშვილმა და პარლამენტში მსხდომმა სხვა დეპუტატებმა ჩვენ დაგვინგრიონ მომავალი" - აცხადებს მიხეილ ბუცხრიკიძე.
ბუცხრიკიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - მიღებულ კანონებზე, ძალადობაზე და ევროპული გზისგან გადახვევაზე მისი პოზიციის შესახებ ადიგენის საკრებულოში ყველამ იცის და არაერთხელ დაუფიქსირებია. ამ ეტაპზე კი საკრებულოს აპარატში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და საკუთარი პოზიციების დაცვას აგრძელებს.
მიხეილ ბუცხრიკიძე უკვე ათი წელია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობს.