"მითხრეს, რომ ჩემი გათავისუფლება ზემოდან დაავალეს"- მიხეილ ბუცხრიკიძე
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უკვე ყოფილი უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე tv9news.ge -თან საუბარში ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის შმაგი ბიძიშვილის მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გაასაჩივრებს.
ბუცხრიკიძე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელის შეტანას ორშაბათისთვის გეგმავს, რადგან ფიქრობს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების დაწერა, კანონის დარღვევით მოხდა და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში, მის მიერ გავრცელებულ პოსტმა გამოიწვია. გათავისუფლების ბრძანებაში არც ის არის განმარტებული, რა მოტივით გათავისუფლდა ბუცხრიკიძე დაკავებული პოზიციიდან.
"კანონი ამ ბრძანებით მთლიანად დარღვეულია. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ უნდა ჩაიწეროს მოტივი რატომ მათავისუფლებდნენ. მე რომ სამსახურებრივი გადაცდომა მქონოდა, რეაგირებას სხვა სამსახურები მოახდენდნენ. ეს არის სუფთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ჩემი განცხადებების გამო. შმაგი ბიძიშვილს, რომ ვკითხე განემარტა რა იყო მიზეზი, მარტო ის მითხრა, რომ ზემოდან დაავალეს" -გვეუბნება მიხეილ ბუცხრიკიძე.
მიხეილ ბუცხრიკიძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჩვენ გასაუბრება ვცადეთ ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესთან შმაგი ბიძიშვილთან, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 26 დეკემბერს ადიგენის საკრებულოს აპარატის უკვე ყოფილმა უფროსმა მიხეილ ბუცხრიკიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ემიჯნებოდა მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, გმობდა ძალადობას და ასევე, გააპროტესტა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები. ბუცხრიკიძის ამ პოსტს კი დღეს, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებით უპასუხა.