საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში, რომელი მნიშვნელოვანი მოვლენებით დაგვამახსოვრდა 2024 წელი
საქართველო, ისევე როგორც სამცხე-ჯავახეთი დატვირთული იყო ხმაურიანი მოვლენებით. კონფლიქტები, ხანძრები, მეწყერი, საინტერესო აღმოჩენები, ადგილობრივების ეკონომიკური პრობლემები, რომელიც tv9news.ge-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია.
2024 წელი ადიგენში ხმაურით დაიწყო. ყურადღების ცენტრში იყო, დაბა ადიგენში, მერაბ (იუსუფ) მიქელაძის საცხოვრებელი სახლი, სადაც ორი წლის წინ, სალოცავი სივრცე და სასულიერო სასწავლებელი მოეწყო. მართლმადიდებლებმა ეს ფაქტი მაშინაც გააპროტესტეს, მიმდინარე წლის მარტში და აპრილშიც საპროტესტო აქციები ამ მიზეზით დაორგანიზდა. რამდენიმე კვირიანი პროტესტისა და დაძაბულობის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ განცხადა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ადიგენში, მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში მუსლიმები პარასკევის ლოცვას აღარ აღავლენენ.
დაბა ადიგენში, სალოცავთან დაკავშირებული მოვლენები ახალი დასრულებული იყო, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში სოფელი უდე, ე.წ "პირდაპირების" დასახლება მოექცა. აქ, უხვი ნალექისა და ძლიერი წვიმის გამო, მეწყრული პროცესი გააქტიურდა. მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი გაიბზარა. სამი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, 10-მდე ოჯახს კი საფრთხე შეექმნა. ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და მოსახლეობის ნაწილი ქირით გადაიყვანეს. წლის ბოლოს კი ანგარიშის წარდგენისას ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა, რომ იმ ოჯახებს, ვისაც სტიქიური მოვლენების გამო საცხოვრებლის პრობლემები შეექმნათ კომპენსაციას გადაუხდიან, უდეში კი სახლების რეაბილიტაცია დაიწყება.
ისევე, როგორც ყოველ წელს, 2024 წელსაც კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა ჰქონდათ ჯავახეთში ფერმერებს. მათ წელს, ასობით ტონა კარტოფილი ნაგავსაყრელებზე გადაყარეს, იმიტომ რომ ვერ გაყიდეს. კარტოფილის ფასი გაზაფხულზე 7 თეთრამდე დაწიეს, თუმცა ადგილობრივების მოსავალს მყიდველი მაინც არ გამოუჩნდა. რაც ნაგავსაყრელზე ვერ გაიტანეს, სარდაფებში დალპა. ფერმერები რეალიზაციის პრობლემის წინაშე ბოლო რამდენიმე წელია დგანან. მიზეზი კი, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებული კარტოფილია, რომელსაც ადგილობრივი მოსავალი კონკურენციას ვერ უწევს.
სტიქიური მოვლენებისა თუ ეკონომიკური პრობლემების გარდა, წელს სამცხე-ჯავახეთში ისტორიული ადგილების აღმოჩენის წელიც იყო. კურორტ აბასთუმანში, ნაგებობა აღმოჩნდა რომელმაც შესაძლოა არქეოლოგები დაკარგული და განადგურებული უძველესი ქალაქის, ოძრხეს კვალზე გაიყვანოს. ქალაქი, არაბთა შემოსევის დროს, მე-8 საუკუნეში განადგურდა. ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ, ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებია აღმოჩენილი, ახლა მდიდრული სახლები შენდება. მშრალი წყობით ნაშენი კედლები და ძვლები სწორედ მათი მშენებლობების დროს, მთის კალთის მოჭრისას გამოჩნდა. გათხრების გარეშე, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ აქ რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძეზე და 2-3 მეტრის სიმაღლეზე კედელია. თუმცა იმის გამო, რომ აქ სახლებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები აშენებენ, მნიშვნელოვანი აღმოჩენით არავინ დაინტერესდა.
ჯავახეთში, საინტერესო აღმოჩენის შესახებ წერდა პუბლიცისტი კუკური მეტრეველი. მეღრეკის მიდამოებში, იხტილა-სამარის ახალ გაყვანილი გზის შუაგულში მიწა ჩაინგრა და დარანი გამოჩნდა. აქვე, ახლოს მდებარე კონცხის თავზე უძველესი გორა ნამოსახლარია, რომლის შუაგულში ციხე-კოშკი მდებარეობს. ჩანგრეულ გზაზე აღმოჩენილი დარანი კი სავარაუდოდ ციხე-კოშკიდან ქვემოთ, მდინარემდე ჩადიოდა. ამ საინტერესო აღმოჩენითაც დაინტერესდა თუ არა სახელმწიფო, ამ ეტაპზე უცნობია.
გააზიარეთ :