საზოგადოება
არადა გეგმა იყო, რომ ბაკურიანის შემოსასვლელში გაკეთდებოდა დიდი საპარკინგე სივრცე - დამსვენებლები პრობლემებზე ჩივიან
ბაკურიანში მყოფი დამსვენებლები საცობებსა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე ჩივიან. კურორტზე მყოფები ირწმუნებიან, რომ დაპირებული საპარკინგე სივრცე არ გაკეთდა და ,,კურორტი ჩააბეტონეს". აღნიშნულის შესახებ გაბრაზებული დამსვენებლების კომენტარები სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფში გავრცელდა.
,,არადა გეგმა იყო, რომ ბაკურიანის შემოსასვლელში გაკეთდებოდა დიდი საპარკინგე სივრცე და დაბაში ივლიდა მხოლოდ მარხილები და ბურანები , თუმცა გეგმა გეგმად დარჩა, საცობი კიდევ ყოველ წელს არის! უდიდესი პოტენციალის კურორტი ჩააბეტონეს" - წერენ ჯგუფში ,,ჩემი ქალაქი მკლავს".
,,მიყვარს ბაკურიანი. სუნთქავ გამონაბოლქვს, წყალს ყიდულობ - ან არ მოდის, ან არ ისმევა, გადაადგილდები ტალახში შუა ქუჩაზე (ტროტუარი არ არსებობს) - რომც გინდოდეს ფეხით ვესად მიხვალ, გზისპირზე მიყრილი გაყინული თოვლის გორკებზე რას ივლი, ცხოვრობ სამშენებლო მოედანზე, სასრიალო ტრასებზე სიგიჟე - ყველა დონის მოთხილამურე - დამწყები, საშუალო, კარგად მცოდნე, 3-4-5 წლია ბავშვი - ერთ ტრასაზე სრიალებს. კარგია დასვენება" - წერს ელენე კაპანაძე.
,,ევროპული ფასები დაგავიწყდათ ჩამონათვალში... ყველაფერს ცეცხლის ფასი უკიდია" - პასუხობს ელენე.
,,ყოველ წელს უარესდება ბაკურიანში ყველაფერი. მანქანები ტროტუარზე აპარკინგებენ ფეხით ვერ გაივლით, თოვლი სამანქანო გზაზე რომ გაწმინდეს ტროტუარზე მიაყარეს, ტროტუარზე ბორდურები რომ იყო თითქმის ყველა დამტვრეულია,მიწა არ დარჩა კორპუსი რომ არ ჩააკვეხონ, კუკუშკა გააჩერეს, გზები გაფუჭებული და ა. შ.." - წერს დავით ბოჭოიძე.
,,დღეს ვიყავი ბორჯომიდან ბაკურიანში იდეაში არბენით. 5 სთ დავკარგე საცობებში, გამონაბოლქვიც კარგად ვყლაპე. ამირანის პარკში სრული მარაზმი დამხვდა - რაღაც ხიდი და "ბუტკები" ჩაუდგამთ და საბავშვო სივრცე ფაქტობრივად არაა. ტროტუარი რომ არ არსებობს ქვეითებისთვის ამაზე აღარაფერს ვამბობ. სრული მარაზმი გახდა ბაკურიანი, წლიდან წლამდე უარესდება სიტუაცია" - ნია თხელიძე.
დამსვენებლების პრობლემებს სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტო” ეხმიანება. სააგენტოს დასუფთავების სამსახური წერს, რომ კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
,,დატვირთული სეზონიდან გამომდინარე, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ გზების კიდევ უფრო მეტად გადატვირთვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტექნიკით გატანა 00:00-06:00 საათებში ხდება. დღის განმავლობაში კი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ნარჩენები ხელით და ბაგის დახმარებით გააქვთ.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბაკურიანიდან, ყოველდღიურად, დაახლოებით, 250 კუბი საყოფაცხოვრებო ნარჩენი გააქვთ დაბაში, ნარჩენების შემკრებ პუნქტში, რისთვისაც 12-16 მარშრუტს ასრულებენ.
კიდევ უფრო ართულდებს არსებულ სიტუაციას ის ფაქტი, რომ მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს არა ნაგვის ურნასთან, არამედ ქუჩებში ტოვებენ.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ავტომობილები არ დააყენოთ ნაგვის ურნის წინ, რათა ღამის საათებში არ შეფერხდეს სამუშაო პროცესი. გთხოვთ, საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოათავსოთ ნაგვის ურნაში ან ურნასთან და არ დატოვოთ ქუჩაში. ასევე, მოერიდეთ ნაგვის ურნაში ცეცხლმოკიდებული ნარჩენების ჩაგდებას.
ამასთან, მივმართავთ ბაკურიანში მოქმედ კერძო კომპანიებს, გთხოვთ, ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს და დაიცავით თქვენს მიმდებარე ტერიტორიებზე სისუფთავე" - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ :