საზოგადოება
"ეს ხალხი ფაქტობრივად მიტოვებულები არიან" - ახალციხელი მოხალისეები სტიქიის ზონიდან
გურიაში სტიქიის შედეგად შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ახალციხიდან მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი მთელი დღეა მუშაობენ სტიქიის ზონაში და დაზარალებულ მოსახლეობას საკვებით და მედიკამენტებით ამარაგებენ.
"სოფლებში დავდივართ საკვებს, მედიკამენტებს და სანთლებს ვაძლევთ მოსახლეობას, ვისაც ვწვდებით. ჯერ ასე გავაგრძელებთ, რამდენ ხანს დავრჩებით, ამას სიტუაცია გვიჩვენებს"- გვეუბნება ალექსი გრიგალაშვილი, რომელიც ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად სხვა მოხალისეებთან ერთად ჩავიდა.
სტიქიის ზონაში ჩასული მოხალისეები ჰყვებიან, რომ ადგილზე მდგომარეობა მძიმეა, სოფლებში მისასვლელი გზები არ არის გაწმენდილი და მოსახლეობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
"სოფლებში გზებზე არანაირი გაწმენდითი სამუშაოები არ არის ჩატარებული. ეს ხალხი არის მიტოვებული. ადამიანები მოწყვეტილები არიან მთლიანად ცენტრს, წყალი არ აქვთ, დენი არ აქვთ, საკვები არ აქვთ. ვიყავით ჩოხატაურის რამდენიმე სოფლებში და მივეცით პროდუქტი, მედიკამენტები თუმცა უფრო მაღალმთიანი სოფლებიც არის, სადაც გზაც კი არ არის და ერთი პატარა ბილიკი, რომ გამოევლო, ადგილობრივმა გვითხრა ორი საათი მოვდიოდიო" -გვიყვება მანუჩარ ჩაჩანიძე.
გურიაში, ახალციხის გარდა მოხალისეთა ჯგუფები, თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩავიდნენ, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან და საკვებით ამარაგებენ.
სტიქიით დაზარალებულებისთვის თანხა გროვდება ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარების ფონდშიც. ფონდში უკვე 231 ათას ლარზე მეტი შევიდა, რომელიც სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაიხარჯება.
ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა - ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
გააზიარეთ :