26 მაისის აღნიშვნა, ახალციხეში საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენით დაიწყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26–ე წლისთავი, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ახალციხეში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრმა, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა, 07:00 საათიდან განათავსა.
მოსახლეობას საშუალება აქვს აღჭურვილობა დაათვალიერონ და ტექნიკასთან ფოტოები გადაიღონ. ქართულ შეიარაღებას ათვალიერებენ ტურისტები.
გამოფენა 17:00 საათამდე გაგრძელდება.
დღის განმავლობაში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებია
დაგეგმილი. მათ ძირითად ნაწილს ახალციხის ციხე უმასპინძლებს.
26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს, ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა ორი წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა კვლავ დაკრგა, 1991 წელს კი, რეფერენდუმის გზით, ისევ დაიბრუნა.