ახალციხის მერია სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციას იწყებს.
პროექტის ღირებულება 94 300 ლარია. ქალაქის ხელმძღვანელობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე ტენდერი 23 ივნისს გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით იგეგმება არსებული იატაკის დემონტაჟი, მოეწყობა ახალი იატაკი. ასევე, მოხდება კარ–ფანჯრების დემონტაჟი, რომლის ნაცვლადაც ახალი, მეტალო–პლასტმასის ფანჯრები და კარები ჩაისმება. მოეწყობა პანდუსი, შიდა და გარე კიბეები მოაჯირებით, მოხდება სახურავის რეაბილიტაცია და სხვა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სხდომათა დარბაზის რეაბილიტაცია რვა კვირის ვადაში უნდა დაასრულოს.
შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 5 წელია, რომელიც ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან აითვლება. ამ დროის განმავლობაში კომპანია ვალდებულია ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს.
ახალციხის მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია 2014–2016 წლებში განხორციელდა, რისთვისაც დაახლოებით 511 000 ლარი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო, თუმცა მაშინ სხდომათა დარბაზის რებილიტაციისთვის საჭირო თანხა აღარ დარჩა.