ახალციხის ა(ა)იპ–ებსა და ბიბლიოთეკებში გათბობის სისტემა დამონტაჟდება
ახალციხის მერია სამი ა(ა)იპ–სა და ორ ბიბლიოთეკაში ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს გეგმავს.
ძველი, გაუქმებული სისტემა ახლით შეიცვლება "ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში", მისი სავარაუდო ღირებულება 30 190 ლარია. გათბობის სისტემა დამონტაჟდება ახალციხის სამხატვრო სკოლაშიც. სამუშაოებისთვის ქალაქის მერია 8 965 ლარის დახარჯვას ფიქრობს. სისტემის მონტაჟია დაგეგმილი "ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის" შენობაში, რომლის სავარაუდო ღირებულება 15 044 ლარს შეადგენს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სისტემის მონტაჟისთვის 5 109 ლარია გათვალისწინებული, ხოლო რაბათის ბიბლიოთეკისთვის – 2 335 ლარი.
შესასრულებელ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი 67 340 ლარზეა გამოცხადებული. მასში შედის სასპორტო სკოლის კრივის დარბაზის სარემონტო სამუშაოები, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 5 700 ლარია.
შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს 3 წელს ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.