უკანონო ტყვეობაში მყოფი დათვი, ახალციხიდან თავშესაფარში გადაიყვანეს
ახალციხეში, რესტორან "ედემის" მიმდებარედ, ტყვეობაში მყოფი დათვი თავშესაფარში გადაიყვანეს.
პირის მიმართ, რომელსაც ცხოველი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.
უწყების ცნობით, შეტყობინება დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 22 ივლისს შევიდა. ინფორმაცია, რეაგირების მოხდენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს მაშინვე გადაეცა.
დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობითა და უშუალო მონაწილეობით, 24 ივლისს, დათვი, დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ცხვარიჭამიაში არსებულ, თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარს გადაეცა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, შეტყობინების შესვლის მომენტიდან, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები. ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია - ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, პოტენციური თავდამსხმელი ხდება" – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
ურავლის ხეობაში, რესტორან "ედემთან" დათვი უკანონო ტყვეობაში წლების განმავლობაში იმყოფებოდა.