,,ბავშვის გადასარჩენად მდინარეში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა, მაგრამ უშედეგოდ"–ადგილობრივები
მყვინთავებს ამ დრომდე ელოდებიან ნიჯგორში.
ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი მდინარეში თანატოლებთან ერთად შევიდა.
სოფელ ნიჯგორში მოსაახლეობა კვლავ შეკრებილია და მაშველი–მყვინთავების გამოჩენას ელოდება. ადგილობრივები იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ტრაგედია დატრიალდა. ,,ჰესის მშენებლობის დროს ნაპირებიდან ამოღებულმა სილამ, მტკვარში ღრმულები გააჩინა, დაახლოებით 5–დან 15 მეტრამდე. მდინარეში ბანაობაც საშიში გახდა. როდესაც საბანაოდ შევიდა, უცებ გაუჩინარდა, ბავშვებს შეშინებიათ და გაქცეულან. მდინარის მოპირდაპირე მხარეს, სოფელ აწყვიტის მაცხოვრებლები იყვნენ, ბიჭებმა მაშინვე გადმოცურეს, მაგრამ შველა ვეღარ მოასწრეს, მთელი სოფელი აქ არის, მთელი ასპინძა, ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა მდინარეში, მაგრამ უშედეგოდ" – ამბობს ადგილობრივი გიორგი ლონდარიძე.
,,როგორც კი გავიგეთ, მაშინვე გამოვცვივდით.. მაშველები, პოლიცია ყველა აქ იყო, მაგრამ ვერაფერს გავხდით. გზაც კი გადავკეტეთ თბილისიდან მყვინთავების ჩამოყვანის მოთხოვნით. ამბობენ, თბილისიდან წამოსულები არიანო, მაგრამ უკვე შვიდი საათი გავიდა და არავინ ჩანს, ახლა ვინღა შევა წყალში" – წუხს გიორგი გიორგაძე.
თანატოლები ამბობენ, რომ მდინარის იმ ნაწილში, სადაც შევიდნენ, წყალი ღრმა არ იყო და მოულოდნელად ადიდდა, რის გამოც ლ.ი.–მ გამოსვლა ვეღარ მოასწრო.
შეგახსენებთ, საღამოს ხუთი საათისათვის, სოფელ ნიჯგორში, უბედური შემთხვევა მოხდა. 12 წლის ლ.ი. ორ თანატოლთან ერთად მდინარე მტკვარში საბანაოდ შევიდა და გაუჩინარდა. სოფლის მოსახლეობამ, მყვინთავი–მაშველების საძიებო სამუშაოებში ჩართვის მოთხოვნით, ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური გზაც გადაკეტა, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში, პოლიციამ გზის გახსნა უზრუნველყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მეგი ოქროპირიძის განცხადებით, მყვინთავი–მაშველები შეტყობინებისთანავე გამოეგზავრნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა ნიჯგორში, ამ დრომდე, მხოლოდ ახალციხის ჯგუფი რჩება.