ახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია, ახალციხეში კი დილიდან ავიაცია ჩაერთვება
ახალქალაქში, სოფელ მაჯადიასთან კორხის ტყეში, ხანძარი ლოკალიზებულია, ცოცხალი ძალა სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებს. ,,ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“ – აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
რაც შეეხება სვირის ტყეში გაჩენილ ხანძარს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეხანძრე მაშველები, რომლებიც ბორჯომის ხეობაში იყვნენ მობილიზებულები, ახალციხისკენ გადაამისამართეს. დაახლოებით 100-მდე მეხანძრე მაშველმა საგანგებო შტაბი დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის დატოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში, 29 აგვისტოს, დილიდან ვერტმფრენიც ჩაერთვება. მიუდგომელი ადგილის გამო, ტექნიკას გადაადგილება და მუშაობა უჭირს – აცხადებს საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც სვირში იმყოფება. გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ,,ადამიანის სიცოცხლე ბევრად ძვირფასია, ვიდრე ჰექტრობით დამწვარი ტყე, რის გამოც იქნა ავიაციის ჩართვის გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა საგანგაშო არაფერია“.