აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
აბასთუმანში, დაახლოებით 2 ჰექტარზე გავრცელებული ცეცხლი, ზეკარის მიმართულებით, ნაკრძალთან ახლოს, ადგილობრივებმა, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის შენიშნეს.
მოსახლეობის მტკიცებით, ვითარებას ართულებს
1. მიუდგომელი ადგილი, რადგან შემთხვევის ადგილამდე სახანძრო მანქანები ვერ გადაადგილდებიან,
2. კომუნიკაციის არარსებობა, (არ მუშაობს არცერთი ფიჭური ქსელი) და
3. წიწვოვანი ტყე და ქარი, რომელიც ცეხლის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.
ხანძრის გავრცელებისთანავე, კურორტთან ახლოს მდებარე სხვადასხვა სოფლის ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითმობილიზება გამოაცხადა და ბარებითა და ნიჩბებით ხელში, სტიქიის ზონისკენ გაემართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ხანძარი ლოკალიზებული არ არის, თუმცა პროგნოზი დამაიმედებელია. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, აბასთუმანში, ცოტა ხნის წინ ჩავიდა. ის აბასთუმანში ახალციხიდან გადავიდა. ასევე ახალციხის რაიონის სოფელ სვირიდან გაიგზავნა ვერტმფრენიც. ადგილზე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე ცეცხლის ქრობით სამუშაოებში მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი.