საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა
2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინა, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო და მისი მაჩვენებელი 3,7 მილიონია. ამის მიზეზი, ძირითადად დიდი მიგრაცია და ერის ნაადრევი დაბერებაა,
- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ განაცხადა. მისივე თქმით, დიდი მიგრაციის პროცესი საქართველოში 1990-იან და 2000 წლების პირველ ნახევარში ფიქსირდება, ამიტომ "ამ ჩავარდნის გამო ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება".
მისივე თქმით, საქართველოში მოსახლეობის დაბერების პროცესი მიმდინარეობს და ის 2014 წლის მდგომარეობით დაახლეობით, 21%-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, დადგინდა, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.
"2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით დავინახეთ, რომ შობადობა პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას. ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 1990-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა და ახალგაზრდები, რომლებიც ფერტილურ ასაკში შედიან, განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა.
თუ 80-იან წლებში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი ქალი საქართველოში, 1990-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა 230 ათასი იყო, ანუ განახევრდა და სწორედ ის ქალები, რომლებიც დღეს შედიან ფერტილურ ასაკში, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაიწყებს კლებას", - განაცხადა ცეკვავამ.
მისივე განმარტებით, მსოფლიოში აღწერა ათწლიანი პერიოდულობით ტარდება, რომელიც გაერო-ს ეგიდით მიმდინარეობს.
საქართველოში დაბერების და მიგრაციული პროცესების წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური აქტივობა, სამუშაო ადგილების და შესაბამისი გარემოს შექმნაა აუცილებელი.