სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ბათუმში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, 27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, შენობას სახანძრო უსაფრთხოების სისტემა არ აქვს. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ დაკვამლიანების შემდეგ როცა შუქი გაითიშა, სასტუმროში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო და წყალი იღვრებოდა, თუმცა ადამიანებს სუნთქვა მაინც უჭირდათ.
"საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო "ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები",– ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.