Human rights watch-ის ანგარიში საქართველოს შესახებ
Human rights watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.
ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.
"საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად", - ნათქვამია Human rights watch-ის ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.
"საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით", - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.
”სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა."
Human rights watch-ის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისა და „ბირჟა მაფიის“ საქმეები მოხვდა.
”შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით”, - აღნიშნულია ანგარიშში.
აღნიშნულ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.