მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევისას 14 ადამიანი დაშავდა
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული.
ისინი 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. კახა კალაძის თქმით, დაშავებულთა სამედიცინო ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია გაიღებს.
მედიკოსების თქმით, დაშავებულებს თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმები და ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობას აგრძელებენ. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, თუ როდის აღდგება მეტორსადგურის მუშაობა.
"ვარკეთილში" შეკიდული ჭერი დაახლოებით 10:30 საათზე ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებიც დაშავებულებს და მეტროში მყოფ ადამიანებს ამოსვლაში და კლინიკაში გადაყვანაში დაეხმარნენ.
მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა. შპს–ის დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება.
ფოტო ეკუთვნის 1TV.GE