ვალელების ორი დღე სასმელი წყლის გარეშე
ორი დღეა, ქალაქ ვალეს მოსახლეობის ონკანებში, წყალი შეწყდა.
სასმელი წყლის გარეშე 1 500-მდე აბონენტია დარჩენილი.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ მიზეზი სათავეში დებეტის შემცირებაა.
"მდინარე ფოცხოვის წყლის დონემ დაიწია, რის გამოც სათავე ნაგებობაზე დებეტმა იკლო. მიმდინარეობს სამუშაოები ხელოვნური გამდიდრების მიზნით, კომპანიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ", - განაცხადეს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში".
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წყლის მიწოდება 17 აპრილს აღდგება. იმ შემთხვევაში, თუ ხვალამდე პრობლემის მოგვარება ვერ მოესწრება, პროცესში წყალმზიდები ჩაერთვება. ვალეში წყალს ავტომანქანებით მიიტანენ და ოჯახებს დაურიგებენ.
ვალეში სასმელი წყლის პრობლემა მუდმივად იქმნება.