მინდვრის დღე წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროგრამის წევრებმა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა ფერმერებმა, საველე პირობებში სერთიფიცირებული სათესლე მასალის უპირატესობასა და პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. სპეციალისტებმა აგროღონისძიებებზე, დაავადებებსა და მავნებლებზე გაამახვილეს ყურადღება და ფერმერებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.
სადემონსტრაციო ნაკვეთები გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დამუშავდა. ორგანიზაციამ, პროექტში მონაწილე ფერმერებს, ხორბლის სათესლე მასალა გადასცა.
მოსავლის აღების შემდეგ, ფერმერი ხორბალს
დაინტერესებულ პირებს, სათესლე მასალად გადასცემს. პროექტში მონაწილე
ფერმერების შერჩევაში, ღონისძიებების ორგანიზებასა და კონსულტაციებში,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოა ჩართული.
პროექტის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთში, კერძოდ ასპინძასა და წნისში,
ხორბლისა და კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთები დამუშავდა.
კულტურები კლიმატისა და ნიადაგის გათვალისწინებით შეირჩა.
წნისში, პროექტის მონაწილეებმა, ორ ჰექტარზე, პიონერის და ლომთაგორას
ჯიშის, სერთიფიცირებული ხორბალი დათესეს. ფერმერები ადგილობრივ
ჯიშებთან შედარებით, სადემონსტრაციო ნაკვეთიდან მეტ მოსავალს
ელიან.