ანდრიაწმინდაში მცხოვრები გალინა ინასარიძე ათი წელია მესხურ ტენილ ყველს აწარმოებს. მიაჩნია, რომ მის პროდუქტს ევროპის ბაზარზე მოხვედრის დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ყველის ამ სახეობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
გალინა ინასარიძისგან განსხვავებით, სოფელ სხვილისში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც ძირითადად ვაშლი მოჰყავთ, ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის საკითხს პესიმისტურად უყურებენ. მათი აზრით, აღნიშნული რეალიზაციის პრობლემას ვერ გადაჭრის. ამიტომ, დღეისათვის სხვილისში ხეხილის ბაღები აქტიურად იჩეხება.
რეალიზაციის არასტაბილურ ბაზარზე საუბრობენ ვალეში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც ყოველწლიურად, ტონობით კომბოსტოს გადაყრა უწევთ. დაბალი ფასის გამო, ისინი მოსავალს გაზაფხულამდე ასაწყობებენ, თუმცა გაიყიდება თუ არა პროდუქცია სეზონზე, წინასწარ ამის განსაზღვრა უჭირთ.
ევროკავშირის ბაზარზე ვალის კომბოსტოს ახლო მომავალში გატანა ადგილობრივ ფერმერებს რეალურად მიაჩნიათ. იმედოვნებენ, რომ ეს პროდუქტის რეალიზების პრობლემას მნიშვნელოვნად გადაჭრის.