ახალციხის კულტურის სახლი მუშაობას ავარიულ შენობაში აგრძელებს. დაწესებულებისთვის სხვა უკეთესი ფართი ამ დრომდე ვერ გამოიძებნა.
ღუმელის გარშემო სიმღერა ახალგაზრდებს კიდევ ოთხი თვე მოუწევთ. ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე კულტურის სახლში ისევ მოძველებული მეთოდით თბებიან. თანამედროვე სისტემის არარსებობის გარდა აქ პრობლემაა დაზიანებული სახურავი, მოძველებული ინტერიერი, ამორტიზებული იატაკი. ახალციხის კულტურის სახლი უკვე წლებია ამ ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს.
ახალციხის კულტურის სახლი ყოველდღიურად მუშაობს. გაკვეთილების შემდეგ 60–მდე მოსწავლე აქ მისთვის სასურველ ხელოვნებას ეუფლება. პატარებისთვის ფუნქციონირებს ბასტიბუბუს სტუდია, ისწავლება როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ხალხური სიმღერები. აქვეა ქორეოგრაფიული წრეც, სადაც მოზარდები ხალხურ ცეკვებს სწავლობენ. ყოველწლიური დაფინანსება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ არსებული პირობები მცირეოდენ მაინც გაუმჯობესდეს, მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ახალციხის მერია კულტურის სახლის რეაბილიტაციას 2017 წლისთვის არ გეგმავს. ქალაქის მერის თქმით, არსებული შენობის კეთილმოწყობა იმდენად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ მისი რემონტი არ ღირს. ამავდროულად ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, ცენტრალურ ტერიტორიაზე ახალი შენობის ასაშენებლად ფართი მერიას არ გააჩნია.
კულტურის სახლი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ შემადგენლობაში შედის. ახალციხის მერიისგან ა(ა)იპ–ი 2016 წელს, დაახლოებით, 160 000 ლარით დაფინანსდა, აქედან 18 200 ლარი კულტურის სახლს ჩაერიცხა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძირითადად, თანამშრომელთა ანაზღაურებას, ღონისძიებებს, საოფისე და კომუნალურ ხარჯებს მოხმარდა. კულტურის სახლმა წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა გათბობისთვის საჭირო საშეშე მერქანი. იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ქალაქში ამ დაწესებულებისთვის ფართს გამოძებნის, მოსწავლეებს მეცადინეობა კვლავ ავარიულ შენობაში მოუწევთ.