რეგიონი
ვარძია-გოგაშენის დამეწყრილ გზაზე კედელი არ აუშენებიათ
ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელი გზა, რომელზეც მეწყერი ორჯერ ჩამოწვა, გაწმინდეს. აქ მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღდგა, თუმცა საყრდენი კედელი, რომლის აშენების აუცილებლობაზეც ხელისუფლება საუბრობდა, არ გაუკეთებიათ. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მეწყერული ზონა დროებით, დიდი ქვებით გააამაგრეს, კედლის მშენებლობის პროექტი კი 2020 წლის სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამაში იქნება გათვალისწინებული.
„გზის გაწმენდისას დიდი ლოდები ტერასულად ისე ჩალაგდა, რომ იქ მიწის ჩამოწოლის საშიშროება აღარ არის. კედლის მშენებლობის სამუშაოები ახალქალაქმა მომავალი წლის სტიქიის პრევენციის პროგრამაში ჩასვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამ გზაზე კიდევ რამდენიმე ადგილზეა საშიში მდგომარეობა, სადაც საჭიროა გამაგრებითი სამუშაობის ჩატარება“, - გვიხსნის გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რომელიც დამეწყრილი გზის გაწმენდით სამუშაოებს პირველივე დღიდან კურირებდა. მისი თქმით, კრიტიკულ წერტილებზე მომავალ წელს პატარა გაბიონები მოეწყობა. პროექტს დაახლოებით, 50 000 ლარი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელ ტურისტულ გზაზე მეწყერი 13 მაისს ჩამოწვა. ნაშალმა მიწამ გზის 45-მეტრიანი მონაკვეთი ჩახერგა. გწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო, როცა მეწყერი მეორედ, უფრო დიდი რაოდენობით, 12 ივნისს ჩამოწვა. მისი გაწმენდის დაწყებას კი ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდა. საბოლოოდ, ტურისტულ გზაზე მოძრაობის აღდგენას ოთხი თვე დასჭირდა.
ამავე თემაზე:
ვარძია-გოგაშენის გზაზე მეწყერი ხელახლა ჩამოწვა
ვარძია-გოგაშენის გზა ჩახერგილი კიდევ ორი თვე იქნება
ვარძია-გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო
გააზიარეთ :