ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მესხური ვაზის ნერგები აკურთხა, რომელიც მესხეთში დაირგვება. მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოსა და – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ვაზის ჯიშები გაშენდება. ცენტრმა დაკარგული ჯიშები მოიძია და აღადგინა მესხეთშიც. მესხური ვაზის 1 000 მდე ნერგი ახალციხეში, ვარძიაში, წუნდასა და უდეში გაშენდება, საიდანაც მათი გამრავლება მოხდება.
„დღეს კიდევ ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. დღეს ჩვენ ვიწყებთ მესხური ვაზის აღდგენას ეპარქიაში. საპატრიარქოს გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი. მის საფუძველზე სანერგე ჩვენ გვაძლევს ნერგებს, რომლის დარგვაც ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დღეს ეს მოხდება მესხეთში. დაირგვება 1 000–მდე მესხური ჯიშის ყურძენი სხვადასხვა ადგილებში: ვარძიაში, წუნდაში, ახალციხეში, უდეში და შემდგომ მოხდება მათი გამრავლება. იმედს გამოვთქვამთ, რომ მთელს მესხეთში აღორძინდება მევენახეობა და მესხი გლეხი კვლავ სახელს გაითქვამს განსაკუთრებული ვენახისა და ღვინის წარმოებით“ – აღნიშნა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.
აღნიშნული ვაზის ჯიშები, მოძიების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აღადგინეს და ვაზის ნამყენი ნერგები გამოიყვანეს.
„მესხეთი ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული ვაზის ჯიშების სიმრავლით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვაზის ჯიშები იყო დაკარგული. უკვე რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სხვა პიროვნებებთან ერთად, აქტიურად იღწვვის ამ საქმიანობის აღდგენისათვის. უკვე მოძიებულია უმეტესობა იმ მესხური ვაზის ჯიშებისა, რომელიც გადაშენებული იყო. დღეს სამეცნიერო კვლევით ცენტრში გამოყვანილი ვაზის ნამყენი ჯიშები ჩამოტანილი იქნა ამ რეგიონში და გაშენდება ახალი ვენახები, რომელიც საფუძველს დაუდებს მომავალში სამრეწველო ვენახების გაშენებას“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ვაზის ნერგები დღეს, 13 მაისს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აკურთხა.
თიკო კურტანიძე