პოლიტიკური მოძრაობა
“სახელმწიფო ხალხისთვის” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში
მიდის. ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის, და პირველი, რაც მინდა გითხრათ, რის ვალდებულებასაც ვგრძნობ, არის ჩემი განუსაზღვრელი პატივისცემა ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ქვეყანა შეინარჩუნა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში, მისი განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ჩემი უდიდესი მადლობა და პატივისცემა ყველა ამ ადამიანს, გმადლობთ!
25 წელი – იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი; იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი – ესაა მანკიერი წრე, რომელზეც 25 წელი ვტრიალებთ. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. შეუძლებელია ვერ დაინახოს ადამიანმა, რომ ამ 25 წელმა გაიარა, ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, ის წარსულია, ის უკან აღარ დაბრუნდება. ეს გამარჯვებებითა და მარცხით სავსე 25 წელი, რა თქმა უნდა, მშენებლობის, მაგრამ იმავდროულად, ადამიანის უფლებების სრული იგნორირების 25 წელი, ადამიანების საარჩევნოდ ყიდვის და მერე გაყიდვის, სიცრუის, მაგრამ იმავდროულად გმირობის, თავდადების, ნამდვილი პატრიოტიზმის, სიყვარულის 25 წელია. ეპოქა დასრულდა, და ყველა, ვინც ცდილობს ეს ეპოქა ვირტუალურად უკან დააბრუნოს, წარსულში გვაცხოვროს, წარსულით გამოგვკვებოს, მტრის ხატით შეგვაშინოს, არის იმ 25 წლის საკუთრება, მისი მძევალი და ასეთი ხალხი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს.
უნდა მოვიდნენ სხვები. ვინ? მე გეტყვით ვინც! უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ მოდიოდნენ, რადგან ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკოსის გვერდზე დგომა არ უნდოდათ, უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც ადამიანი არ სძულს. უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის.
ამოცანა შემდეგია: ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის!“ -ნათქვამია განცახდებაში.
|