ხმალაძისა და ათონელის ქუჩის მაცხოვრებლები, მერიის წარმომადგენლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ,,რაბათის უბნის” ტერიტორიაზე, წვიმის დროს ეპატიჟებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტის მიხედვით, ისეთი სანიაღვრე არხების მოწყობაა დაგეგმილი, რომელიც უხვი ნალექის დროს, წყლის დიდ რაოდენობას ვერ გაატარებს.
ათონელის ქუჩის მოსახლეობის უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარის დაგება, ქუჩის ბოლომდე გათვალისწინებული არ არის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსაასფალტებელი ადგილიდან ტალახი და ქვა–ღორღი ისევ მოსახლეობასთან ჩავა.
ადგილობრივები პროექტში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, ქალაქის მერიაში განცხადება დღეს შეიტანეს, სადაც აღნიშნულია, რომ ყაზბეგის, ხმალაძისა და ათონელის ქუჩებზე ჩამომავალი წყლების შემკრები არხის გაკეთებაა საჭირო. განცახების შეტანისთანავე, რაბათის უბნის მოსახლეობასთან შესახვედრაზე, მერის მოადგილე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მივიდნენ. ზაზა გელაძემ, ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე, ათონელის ქუჩა დატოვა. მან ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ათონელის ქუჩის დასაწყისში სანიაღვრე არხები გათვალისწინებული რომ არ არის და ასფალტის საფარი ქუჩის ბოლომდე არ დაიგება – ეს სატენდერო დოკუმენტაციიდანაც ჩანს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზეა ატვირთული. აღნიშნული საკითხების გარკვევას, ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი, მერიაში შეეცადა, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მერის მოადგილესთან სატელეფონო საუბრის დროს, კითხვის გამო, თუ რატომ არ იგება ასფალტი ქუჩის ბოლომდე, ზაზა გელაძემ ჟურნალისტს არაკომპეტენტური უწოდა და განმარტა, რომ ქუჩის ბოლო ნაწილი დაუსახლებელია და იქ ასფალტის დაგების საჭიროებას, ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ხედავეს.
ქალაქ ახალციხის მერიამ, ათონელის და ხმალაძის ქუჩების გზის მოასფალტების სარეაბილიტაციო და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი 16 თებერვალს გამოაცხადა. მასში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. გამარჯვებული კომპანია შპს ,,არალია.“ აღნიშნული სამუშაოებისთვის 367 242 ლარი დაიხარჯება. მერიაში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულდება.
|