ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ადგილობრივების ნათესები, ნარგავები და სოფლის შიდა გზები დააზიანა. მუსხის მაცხოვრებლების თქმით, სტიქია სოფელში დაახლოებით, სამის ნახევარზე დაფიქსირდა. დატბორილია ხუთამდე მოსახლის სარდაფი და საქონლის სადგომი. ადგილობრივები სანიაღვრე არხის მონტაჟს მოითხოვენ.
დასეტყვილი სოფელი მოინახულა გამგებლის წარმომადგენელმა ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში. ემზარ ოქრომელიძე ამბობს, მუსხში არსებული სიტუაციის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე შეატყობინა. მისივე თქმით, სანიაღვრე არხი, რომლის მონტაჟსაც მოსახლეობის ნაწილი ითხოვს, მიმდინარე წელს გაკეთდება.
დღესვე ზარალის დასათვლელად, სოფელში თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მოსახლეობას რამინ მარტინენკომ განუმარტა, ზარალის შესწავლა სტიქიიდან ორი დღის შემდეგ ხდება. მისივე თქმით, შედეგებზე რეაგირებას გამგეობა ზარალის დათვლის შემდეგ მოახდენს.
|