აბის დასახლებაში, გორის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მოსახლეობის პროტესტი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ქუჩაზე ამორტიზებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების შესაცვლელად არაფერი კეთდება. მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა კი ძველი გაყვანილობა უფრო მეტად დააზიანა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ადასტურებენ, რომ აბის დასახლებაში წყლმომარაგებისა და წყალგადინების მილები მოძველებულია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, გორის ქუჩაზე არსებული სისტემის შესაცვლელად პროექტი მზადაა და კომპანია დაფინანსებას ელოდება.
ახალციხეში გორის, ფალიაშვილისა და ერევნის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ახალციხის მერია უზრუნველყოფს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მესხეთავტოგზა“ ასრულებს.
„მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „მესხეთავტოგზა“–ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს, ახალციხეში გორის, ფალიაშვილისა და ერევნის ქუჩების გზის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“
როგორც მერიაში განმარტავენ, გზის საფარის დაგება არ შეჩერდება. იმ შემთხვევაში თუ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, წყალგაყვანილობის დროს დაზიანებული გზის საფარის აღადგენაზე პასუხიმგებელობას თავად კომპანია აიღებს.
|