ახალი აღმოჩენა ვარძიის სამონასტრო კომპლექსში. არქეოლოგებმა სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, აღნიშნული ნაგებობები, სამონასტრო კომპლექსზე საუკუნენახევრით ადრე შეიქმნა.
სპეციალისტები, ისტორიული ძეგლის დასავლეთის მხარეს, ამ დრომდე მუშაობენ. მათი თქმით, რამდენიმე ათეული ოთახი უკვე გასუფთავებულია.
ახლადაღმოჩენილი ტერიტორიის მონახულების სურვილი, ტურისტებს და ვიზიტორებს აქვთ, თუმცა სპეციალისტების თქმით, დამთვალიერებლის აქ მოხვედრა, გაუმარტავი ინფრასტრუქტურისა და მიმდინარე სამუშაოების გამო, ჯერჯერობით შეუძლებელია.
ვარძიის კომპლექსის დასავლეთის მხარე, სადაც სპეციალისტები მუშაობენ, 1883 წლის მიწისძვრის დროს ჩამოინგრა და მიწის ქვეშ მოყვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. პროექტი 4–წლიანია და იგი აღნიშნული ფართობის სრულ გასუფთავებას გულისხმობს.
|