იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში მსჯავრდებულის გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემაში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს თეიმურაზ კალანდაძეს და მის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე კენჭოშვილს ადანაშაულებს. მისივე მოთხოვნით, პროკურატურამ საქმეზე ძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა პროკურატურამ გამოძიება მალევე შეწყვიტა.
“პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა ისე, რომ ჩვენ არც გვაცნობა მიზეზი. პროკურატურიდან საქმე გამოვითხოვეთ. გავეცნობით და ვფიქრობ, რომ გავასაჩივრებთ” – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, გიორგი კაპანაძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელის ვადა ორი წლით შეუმცირა.
გიორგი კაპანაძის საქმე ირაკლი ბარძიმაძემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი პატიმრობის მოხსნას მოითხოვს.
გიორგი კაპანაძე, ორ მეგობართან ერთად, 2014 წლის 23 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში დააკავეს. თუმცა მისი ორივე მეგობარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. კაპანაძეს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს.
თიკო კურტანიძე