მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს, ახალციხის სომხურ ახალგაზრდულ ცენტრში აფასებენ. ედუარდ აივაზიანი მიიჩნევს, რომ ინიციატივა, სამცხე–ჯავახეთში, მოქალაქეების ინფორმირებულობაზე, უარყოფითად აისახება.
აივაზიანის თქმით, რეგიონის მოსახლეობისთვის უკეთესი იქნება, თუ მედიასაშუალება გადაცემებს, ქართულ და სომხურ ენაზე აწარმოებს.
კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების საჭიროებას ვერ ხედავენ სამოქალაქო სექტორში. ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, არაქართულენოვანი მოსახლეობა ინფორმაციას, რუსული და სომხური ტელეარხებიდან მიიღებს. მარინა მოდებაძე მათ სანდოობას და ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ნაწილი, საქართველოს შესახებ ინფორმაციას, ახლაც სომხური და რუსული მედიასაშუალებებიდან იღებს. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონის მოსახლეობას, მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიღების საშუალება, ქართული არხებიდან აღარ ექნება, მოქალაქეები ალტერნატიული წყაროს ძებნას დაიწყებენ.
მაუწყებლობის შესახებ კანონში, აღნიშნული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ქართული ტელეარხები მაყურებელს დაკარგავენ – ამბობს ,,მე–9 არხის“ გენერალური დირექტორი. მაია იველაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ცვლილებებამდე, ქვეყანამ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სახელმწიფო ენას საშუალო დონეზე მაინც ფლობდნენ.
ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ თოქ–შოუებსა და საინფორმაციო სახის სიუჟეტებს სომხურ ენაზე ტიტრავს და ეთერში უშვებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, არხს, ევროინტეგრაციასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მომზადებული და სომხურად დატიტრული მასალების ეთერში გაშვება აეკრძალება.
|