ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა. კედლიდან აღებული ნიმუშები გამოსაკვლევად ლონდონის კურტოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შემდეგი – კონსერვაციის ეტაპი მომავალი წლიდან დაიწყება.
სპეციალისტებმა კედლის მოხატულობის ზედაპირული გაწმენდა 4 ნოემბრის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ დაზიანების შესწავლა და გაწმენდის მეთოდის დადგენა უძღოდა. ქართველებთან ერთად მუშაობდნენ კურტოს ინნტიტუტის სპეციალისტებიც.
ხანძარი ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში 1 ნოემბერს გვიან ღამით გაჩნდა. ჩუმი წვა დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძარი ტაძრის გაღების შემდეგ აალდა და მე–12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. გამურულია თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც.
ტაძარი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
თიკო კურტანიძე