საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაკურიანში სამთო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროების სამთო მომზადების კურსს დაესწრო. თინათინ ხიდაშელის თქმით, საჩხერის სამთო მომზადების ცენტრი პიონერია საქართველო–ნატოს ურთიერთობებში.
წელს ცენტრს 10 წელი უსრულდება. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მისი საქმიანობა თავდაცვის სტრუქტურის გარდა, საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც გაეცნო. ამიტომ უწყების პირველ პირთან ერთად, სამთო მომზადების კურსს ბაკურიანში „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სიმსივნით დაავადებული ბავშვებიც დაესწრნენ.
ბაკურიანში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასასრულს უახლოვდება. სამთო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურემ სამთო მომზადება გაიარა.