ადიგენში, ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შემდეგი სასამართლოს სხდომა, საქმის განხილვისათვის 24 მარტს ჩაინიშნა,
სამართალდამცველებმა ვალის მკვიდრი ვიქტორ ლ. 30 იანვარს დააკავეს. იგი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ადიგენის რაიონის სოფელ ზემო ენთელის საავტომობილო გზაზე ახალგაზრდა გოგონას თავს დაესხა და დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასევე ძალადობის მუქარით წაართვა საფულე, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები, რის შემდეგაც ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩაიყვანა იქვე არსებულ ხევში და სცადა მისი გაუპატიურება, რის შემდეგაც ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიქტორ ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის 1-ლი და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.