2016 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თავდაპირველად მიმოქცევაშია 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, ის მიმოქცევაში მოგვიანებით ჩაეშვება.
ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი.
განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.
ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება .
ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად იქნება.