,,გასულ წელს, დეპუტატებს ამომრჩეველთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ“ – ნათქვამია ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში, რომელიც დავით ლომიძემ დღეს, საკრებულოში, 2016 წლის პირველ სხდომაზე წარადგინა. ერთი თვის არჩეულმა თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ აღნიშნული სურათი, მიმდინარე წელს შეიცვლება.
წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის ანგარიშის გარდა, დეპუტატებმა
დღეს ცხრა საკითხს უყარეს კენჭი. ერთ–ერთი მათგანი, საკრებულოს უშტატო
თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა იყო. ხმათა უმრავლესობით
გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს, სამი თანამშრომლის ანაზღაურება 3600
ლარით გაიზრდება.
ქალაქ ახალციხის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გელა პეტაშვილი დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აიარჩიეს. საკრებულოს ხუთ ოპოზიციონერ წევრს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. გელა პეტაშვილს მხარი, მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს. უმცირესობის პროტესტი, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად, უმრავლესობის წევრის დასახელებამ გამოიწვია. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მათი სურვილი, ვაკანტურ ადგილზე, ოპოზიციონერი დეპუტატის არჩევა იყო. ბიურომ მათი სურვილი არ გაითვალისწინა.
აღნიშნული ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი თავმჯდომარე, დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს.