რაბათის დასახლების მაცხოვრებლებს მეოთხე დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ისინი სასმელ წყალს სხვადასხვა უბნიდან მთელი დღის განმავლობაში ეზიდებიან. ადგილობრივები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ,რომ არაერთი შეტყობინების მიუხედავად, კომპანიას პრობლემაზე რეაგირება არ მოუხდენია. საწინააღმდეგოს ამბობენ წყალმომარაგების კომპანიაში.
რაბათის დასახლებაში მცხოვრებ მალხაზ თათოშვილის ოჯახს უკვე მეოთხე დღეა წყალი არ მიეწოდება. ამბობს, რომ ძლიერი ყინვების გამო, მილები გაიყინა, რის გამოც სასმელ წყალს სხვადასხვა უბნიდან ეზიდება.
თათოშვილების მსგავსად სასმელი წყალი არ მიეწოდება რაბათის სამი ქუჩის მკვიდრებს. პრობლემის გამო, დასახლების მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ ცხელ ხაზზე არაერთხელ დარეკეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. უკვე მეოთხე დღეა ადგილობრივები წყალს მეზობლებისგან და ნათესავებისგან, ქალაქის სხვა უბნებიდან ეზიდებიან.
უწყლოდ დარჩენილი ციხისძირის, ათონელისა და გურამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემას თავიდან აიცილებდნენ, თუკი კომპანია წყლის მიწოდებას ღამით უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა. ამბობენ, რომ დახარჯული რესურსის საფასურს სრულად აანაზღაურებდნენ.
საწინააღმდეგოს ამბობენ ,,გაერთიანებული წყალმომარაგების“ ცენტრალურ ოფისში, მათი თქმით, პრობლემის შესახებ იციან და მის მოსაგვარებლად ტექნიკური ჯგუფი ადგილზე გარკვეული სახის სამუშოებს ასრულებს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო რამიშვილი განმარტავს, წყალმომარაგება მაცხოვრებლებს 30 იანვარს აღუდგება, მანამდე კი 50–მდე ოჯახს, წყალს საჭიროებისამებრ კომპანია დაურიგებს.
რაბათის დასახლების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავის პრობლემა გასული წლის დეკემბრის თვეშიც ჰქონდათ, თუმცა კლიმატური პირობების შეცვლის გამო, წყლის მიწოდება 2 დღეში აღუდგათ. გარდა ამისა, ადგილობრივები ჩივიან, რომ წყალის გრაფიკი მათთან ამ დრომდე მოუწესრიგებელია. კონკრეტული საათები, როცა სარგებლობა შეუძლიათ არ არსებობს. წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ახალციხეში პროექტი მიმდინარეობს, რომელიც სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.