საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,50 თეთრს შეადგენს. ლარი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში რამდენიმე ერთეულით გაუფასურდა. მცურავი კურსის მიზეზებზე საუბრისას, ექსპერტებს სხვადასხვა არგუმენტი აქვთ.
იზო სამსონიშვილის მცდელობა, რომ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში შეეძინა – უშედეგოდ დასრულდა. ახალციხეში, სავალუტო ჯიხურებში, ამერიკული ვალუტა რამდენიმე დღეა აღარ აქვთ. ვალუტის გადამცვლელები ამბობენ, რომ მაღალი კურსის მიუხედავად, დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობაში პანიკა გაჩნდა. მოქალაქეები იმის შიშით, რომ კურსი ისევ არ შეიცვალოს, ამერიკულ დოლარს წინასწარ ყიდულობენ.
მყიდველის ნაკლებობაზე ჩივიან მცირე მეწარმეები. ისინი ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მათ საქონელზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზად, მაღაზიის მეპატრონეები ლართან მიმართებაში დოლარის გამყარებას ასახელებენ.
მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აბრალებენ ადგილობრივები. მოქალაქეების თქმით, მედიკამენტებსა და სურსათზე ფასების ზრდა, ამერიკული დოლარის გამყარებამ გამოიწვია.
ადგილობრივებს არ ეთანხმება საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის ხელმძღვანელი. ნუგზარ თათეშვილის თქმით, პროდუქტზე ფასების ზრდას, არა დოლარის გამყარება, არამედ ბაზრის მოთხოვნა განაპირობებს.
ლარის მდგომარეობა ნაწილობრივ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით რომაა განპირობებული, ამას ეკონომისტიც ადასტურებს. როინ თათეშვილის თქმით, ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის, ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა ერთად უნდა იმუშაოს. მცურავი კურსის შეჩერება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებითა და იმპორტის გაზრდითაა შესაძლებელი – ფიქრობენ სპეციალისტები.
ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენას საგარეო ფაქტორები რომ ახდენს, ამის დასტურად, ქვეყნის პირველ პირებს, საქართველოს მეზობლების მდგომარეობა მოჰყავთ. ეკონომიკური კრიზისი თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსზე აისახა. თუმცა ლარზე მეტად მხოლოდ უკრაინული გრივნა, რუსული რუბლი და აზებაიჯანული მანათია გაუფასურებული.