ახალციხის თემის გაერთიანების 12 ბაგა–ბაღში სასწავლო პროცესი 25 იანვრამდე გადაიდო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში, მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, შენობებისა და ინვენტარის დაქლორვა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მსგავსად, ვირუსების სეზონს მომზადებული ხვდებიან ქალაქ ახალციხის საბავშვო–ბაღებშიც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, მათთან კონტროლი გამკაცრდა. ბაღში მისულ ბავშვს ექთანი ამოწმებს, გრიპის რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, უკან აბრუნებენ.
გრიპის რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, საბავშვო–ბაღების მსგავსად, მოსწავლეს არ უშვებენ სკოლაშიც. საგანამანათლებლო დაწესებულებებში ამბობენ, რომ ავადობის გამო სკოლას მოსწავლეთა მცირე ნაწილი აცდენს. ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში, დირექტორის თქმით, სასწავლო პროცესს 40–მდე ბავშვი არ ესწრება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის ლაბორატორიაში ამბობენ, რომ რეგიონში H1N1–ის, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ეპიდემიოლოგის თქმით, არც ვირუსული ინფექციების მატება შეინიშნება. სპეციალისტები გრიპის შემთხვევების რაოდენობის ზრდას თებერვლის თვეში ელიან.
მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების პირველი ნიშნებია. სპეციალისტები, ვირუსის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს პირადი ჰიგიენის დაცვას ურჩევენ. გრიპი განსაკუთრებით საშიშია რისკ–ჯგუფებში: ორსულებში, მოხუცებში, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადების მატარებლებში.