მესხეთის თეატრის თანამშრომლები, სახურავიდან ჩასულ წყალს ყოველდღიურად სათლებში აგროვებენ. ამბობენ, რომ წყალმა თეატრის კედლებში მას შემდეგ გაჟონა, რაც თოვლმა დნობა დაიწყო. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენობის გადახურვითი სამუშაოები ერთი თვის წინ შესრულდა, შედეგად კი უხარისხოდ დამონტაჟებული სახურავი მიიღეს.
იმისთვის, რომ ჭერიდან ჩასულმა წყალმა თეატრის კოსტიუმები არ დააზიანოს გარდერობის გამგე ტანსაცმლის დაცვას პოლიეთილენის პარკებით ცდილობს. ნინო ინასარიძემ შენობაში წყლის წვეთები 8 იანვარს დილით შენიშნა.
თეატრში არსებულს სიტუაციას უკვე გაეცნო ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე „ქრისტინე სარაშვილის“ წარმომადგენელი, რომელმაც შენობის გადახურვითი სამუშაოების გარდა, სცენისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. ნუგზარ სარაშვილი „მეცხრე არხთან“ სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ პირველ რიგში, არსებულ პრობლემას გამოიკვლევს. იმ შემთხვევაში თუ მშენებელი კომპანიის ბრალეულობა დადგინდა, იგი ხარვეზებს გამოასწორებს.
სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა 10 წელია. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მშენებელ კომპანიას ეკისრება.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციისათვის 140 ათასი ლარი გამოყო. ინდმეწარმე „ქრისტინე სარაშვილის“ მიერ შესრულებული სამუშაოები კი თეატრის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა. ნუგზარ სარაშვილი აპირებს მათ სასამართლოში უჩივლოს.