რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანდების მისაღებად, ახალციხის გამგეობიდან 9 პროექტი გადაიგზავნა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 345 000 ლარამდე შეადგინა
პროექტები ძირითადად, სასმელი წყლის სისტემისა და სოფლებში არსებული გზების რეაბილიტაციას მოიცავს. აღნიშნულის მიხედვით, ახალციხე-წყრუთი-ანის საავტომობილო გზაზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი განხორცილდება. ასევე, მეორე ეტაპია დაგეგმილი ახალციხე-პატარა წირა-ტატანისი-სვირი-ბოგასა და ახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდის საავტომობილო გზებზე. რეაბილიტაცია იგეგმება მუსხის, საძელის, წყალთბილა-ნაოხრების, ანდრიაწმინდისა და სხვილისის მისასვლელ გზებზეც. რაც შეეხება სასმელ წყალს, სისტემის რეაბილიტაცია სოფელ აწყურში განხორციელდება.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტებს განიხილავს და დაფინანსების თაობაზე მათ მომავალ კვირაში აცნობებს. ნოდარ ბალახაშვილის თქმით, ამის შემდეგ გამგეობა შესაბამის ტენდერებს გამოაცხადებს.
აღნიშნული პროექტები საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს.