ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა. იგი ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, აირჩიეს. წარმომადგენლობით ორგანოში, თავმჯდომარის ადგილზე, სულ ორი განცხადება იყო შესული.
ცხრა მომხრე და ხუთი წინააღმდეგი – ქალაქ ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია. ერთმა დეპუტატმა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა. თავმჯდომარის ადგილი საკრებულოს წევრმა დავით ლომიძემ დაიკავა და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა, უმრავლესობის წევრებმა დაასახელეს. დავით ლომიძე ამბობს, რომ საკრებულოსათვის მნიშვნელოვანი ამომრჩეველთან მუდმივი შეხვედრებია და ყველაფერს გააკეთებს, რათა წარმომადგენლობითმა ორგანომ წარმატებით იმუშაოს.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯომარის თანამდებობაზე, სულ ორი განცხადება შევიდა, უმრავლესობამ დავით ლომიძე, უმცირესობამ კი ზურაბ სადათიერაშვილის კანდიდატურა დაასახელა. საბოლოოდ თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით გამოვლინდა.
დავით ლომიძე ამბობს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. 1999–2001 წლებში იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობდა, 2014 წლამდე კი ბიზნენსით იყო დაკავებული. თავმჯდომარედ არჩევამდე ქალაქის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგზრდობის კომისიის თავმჯდომარე იყო. რატომ ვერ მოახერხა წარმომადგენლობითმა ორგანომ ხუთი თვის განმავლობაში პირველი პირის არჩევა, დეპუტატებს ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი კახა ბერიძემ დატოვა. ბერიძეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტომდე ეკავა.