ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მაცხოვრებლებს სარჩელი არ დაუკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიძემ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნები და წარმოდგენილი მტკიცებულებები კატეგორიული არ არის.
მოსარჩელე მხარის ადვოკატი კი ფიქრობს, რომ სასამართლოს მიერ საფუძვლიანად არცერთი დოკუმენტის გამოკვლევა მომხდარა, მიუხედავად იმისა , რომ ექსპერტიზის დასკვნით ზიანის მიყენების ფაქტი დგება.
დაზარალებული მხარისთვის ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მათი თქმით გასაჩივრების სურვილი აქვთ, თუმცა საჭირო თანხები არ გააჩნიათ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე კომენტარის გაკეთებისგან კვლავ თავს იკავებენ.
სოფელ მლაშეში დეპარტამენტის დაკვეთით, 2015 წელს მლაშე–მოხე–დერცელის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელდა, რა დროსაც 20–მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი მხოლოდ ექვსმა ოჯახმა შეიტანა და ზარალის კომპენსაცია მოითხოვა.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.