ქალაქ ახალციხის საკრებულოში, მერიის მიერ შედგენილ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი, 7 მლნ. 883 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 1 მლნ. 148 ათასი ლარით ნაკლებია.
პროექტში აღნიშნულია, რომ დაფინანსება შეუმცირდა სათნოების სახლს, სპორტსკოლას, თეატრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
მერიაში ამბობენ, რომ 2017 წელს, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აპირებს. ამ მიზნის მისაღწევად, თმმართველობას საკუთარი ხედვა აქვს. ამ განცხადების მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტში სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა გაზრდილი არ არის.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დეტალურად ჯერ არ შეუსწავლიათ, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. შალვა გოგოლაძე აპირებს, რომ რამდენიმე საკითხი საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დააყენოს. დეპუტატებს სოციალური დახმარების მუხლში თანხის გაზრდა და პროგრამის გაფართოვება სურთ.
საკუთრი პრიორიტეტები შერჩეული აქვს საკრებულოს. თავმჯდომარის თქმით, თუ ისინი მერიის მიერ შედგენილ პროექტში ასახული არ იქნება, აღმასრულებელ ხელისუფლებას შენიშვნის სახით გადაუგზავნიან. წარმომადგენლობითი ორგანო, პროექტის განხილვაში მოსახლეობას აქტიურობას სთხოვს.
მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემები, რომლებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტის თანხით უნდა გადაჭრას, არაერთია.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ახალციხის მერიამ საკრებულოში, 15 ნოემბერს შეიტანა. ადგილობრივებს და დეპუტატებს, შენიშვნებისთვის 10 დღე დარჩათ. ბიუჯეტის პროექტი მერიას ჩასასწორებლად 2 დეკემბერს დაუბრუნდება.